English / ქართული / русский /
ლეილა ღუდუშაური
საბანკო რისკების მართვის აქტუალური საკითხები

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია საბანკო რისკების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია, რომელიც ემყარება საკრედიტო დაწესებულებების მიერ შესაძლო დანაკარგების შეფასების ერთიანი მიდგომების შემუშავებას საბანკო პორტფელების VaR მაჩვენებლების შეფასებისა და სტრესტესტირების პროცედურების გამოყენებით და ითვალისწინებს რისკფაქტორთა შეუზღუდავი რაოდენობის ერთდროულად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასეთი შეფასების ხარისხსა და ეფექტიანობას.

საკვანძო სიტყვები: საბანკო პორტფელი, VaR მაჩვენებლები, სტრეს-ტესტირება, სცენარების ანალიზი, რისკფაქტორთა შეფასება.

საკრედიტო ორგანიზაციებში რისკმენეჯმენტის საერთაშორისო და სამამულო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს რისკების შეფასების მარტივი და ეფექტიანი მეთოდოლოგიის შექმნის აქტუალობასა და აუცილებლობას. გარდა ამისა, აღნიშნული პრობლემის კვლევის მნიშვნელობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

კომერციულ ბანკებში რისკმენეჯმენტის ორგანიზაციისა და ჩატარების პროცედურების - საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებით;

ბანკების ზედამხედველობისა და კაპიტალის საკმარისობის შეფასების - ბაზელის კომიტეტის შეთანხმებითა და მიდგომებით;

საქართველოს საკრედიტო დაწესებულებებში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის აუცილებლობით;

საკრედიტო დაწესებულებების კაპიტალისა და მოსალოდნელი დანაკარგების შეფასების საყოველთაოდ მიღებული კონცეფციისა და საკმარისად ფორმალიზებული მეთოდოლოგიის არარსებობით.

თანამედროვე ეტაპზე საკრედიტო ორგანიზაციები თავიანთი მოსალოდნელი დანაკარგების ანალიზისათვის ძირითადად იყენებენ ერთფაქტორულ მოდელებს, რაც ხშირად მოცემულ სიტუაციაში არაადეკვატური და გაუმართლებული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან ერთფაქტორული მოდელები რისკის რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ცვლილების გათვალისწინების საშუალებას არ იძლევა.

საბანკო რისკების ოპტიმალური მართვისათვის აუცილებელია საკრედიტო დაწესებულებების მიერ შესაძლო დანაკარგების შეფასების ერთიანი მიდგომების შემუშავება, რომელიც რისკფაქტორთა შეუზღუდავი რაოდენობის ერთდროული ცვლილების გათვალისწინების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასეთი შეფასების ხარისხსა და ეფექტიანობას.

საბანკო პორტფელის შესაძლო დანაკარგების შეფასებისა და მართვის ძირითადი მიმართულებები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

1. საბანკო პორტფელის შეფასება სტრესტესტირებისა და VaR მაჩვენებლების საფუძველზე რისკების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ერთდროულად წარმოშობილი დიდი მოცულობის ზარალის თავიდან აცილება, რომელმაც შეიძლება კატასტროფული შედეგი მოუტანოს საკრედიტო ორგანიზაციას. ასეთი რისკების შესაფასებლად გათვალისწინებულია VaR ანალიზის კონცეფციაზე დამყარებული მეთოდების, აგრეთვე სტრესტესტირების სხვადასხვა პროცედურების გამოყენება.

VaR (Value at Risk)1 ანალიზის კონცეფციაზე დამყარებული რისკის შეფასების მეთოდები საშუალებას იძლევა განისაზღვროს საბანკო პორტფელის მაქსიმალურად მოსალოდნელი ზარალი დადგენილი ალბათობით, მომავალში მიმდინარე საბაზრო ტენდენციების შენარჩუნების პირობით.

VaR ანალიზის კონცეფციისაგან განსხვავებით, სტრესტესტირების პროცედურები საშუალებას იძლევა შეფასდეს მოსალოდნელი ზარალის მაქსიმალური ოდენობა ისეთი ალბათური შემთხვევებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებიან მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს და ამიტომ პროგნოზირებასაც ნაკლებად ემორჩილებიან.

საერთაშორისო და სამამულო პრაქტიკაში გამოიყენება საბანკო პორტფელების შეფასების VaR მაჩვენებლებისა და სტრესტესტირების სხვადასხვა მეთოდები. ანალიტიკოს ბანკირთა ძირითადი ნაწილი იყენებს ან ერთფაქტორულ, ან მსგავსი ტიპის რისკფაქტორულ მოდელებს. საბანკო პრაქტიკაში საკრედიტო და საბაზრო რისკების ფაქტორთა ერთდროული ანალიზის მოდელები იშვიათად გვხვდება. ასეთი სიტუაციის დროს საკრედიტო ორგანიზაციებს უჭირთ ადეკვატურად შეაფასონ (ან ხშირად საერთოდ
------------------------------------------
1. Value at Risk (VaR) meTodi pirvelad iqna ganxiluli naSromSi - CreditMetrics Tehnical Document. Gupton, Greg M., Cristofer C. Finger and Mickey Bhatia. New York: J. P. Morgan and Co. Incorporated, 1997.
ვერ აფასებენ) თავიანთი ფინანსური პორტფელის დანაკარგები სრულად, ვინაიდან ერთფაქტორული მოდელები რისკის რამდენიმე ფაქტორის ერთდროული ცვლილების გათვალისწინების საშუალებას არ იძლევა.
2. რისკფაქტორთა იდენტიფიკაცია, ანალიზი და შეფასების მეთოდები
რისკების შეფასების მეთოდები ემყარება საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობაზე მოქმედი სხვადასხვა რისკფაქტორთა შესაძლო ცვლილებების დეტალურ და ფუნდამენტურ ანალიზს. როგორც წესი, საკრედიტო ორგანიზაციის რისკმენეჯმენტი რისკების საიდენტიფიკაციოდ საბანკო პორტფელის სტრუქტურის დეტალურ ანალიზს ახორციელებს. ამ დროს ვლინდება რისკების ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ როგორც მთელ საბანკო პორტფელზე, ასევე მის ცალკეულ შემადგენელ სტრუქტურულ ნაწილზე. ასეთი ფაქტორები, ჩვეულებრივ, მოიცავს საკრედიტო და საბაზრო რისკების სხვადასხვა კომპონენტებს.

საკრედიტო რისკის ფაქტორის სახით, როგორც წესი, გამოიყენება უცხოური სარეიტინგო სააგენტოების შეფასება ან საკრედიტო ორგანიზაციების მიერ ბანკის ფინანსური მდგრადობისა და გადახდისუნარიანობის კონტრაგენტების (შიდა რეიტინგების) შიდასისტემური ანალიზის საფუძველზე მიღებული შეფასებები. თავის მხრივ, საბაზრო რისკის ფაქტორის ქვეშ იგულისხმება საფონდო, სავალუტო და საპროცენტო რისკების სხვადასხვა ფაქტორები (ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის კურსები, საპროცენტო განაკვეთები და ა. შ.). ფინანსურ ინსტრუმენტზე რისკფაქტორების გავლენის შესაფასებლად გამოიყენება სიდიდე, რომელიც ასახავს ფინანსური ინსტრუმენტის ფარდობით ცვლილებას (ღირებულების ზრდას), გამოწვეულს შესაბამისი რისკფაქტორის მნიშვნელობის ცვლილებით, რასაც არითმეტიკულ ,,შემოსავლიანობასაც” უწოდებენ და განსაზღვრავენ შემდეგი ფორმულით [Синки Дж., 2007: 22 ]:

  At+1 – At
r = -------------, სადაც
   At

At _ ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება t დროისათვის;
At+1_ ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულება t+1 დროისათვის;

3. VaR მაჩვენებელთა შეფასება
VaR მაჩვენებელი, გამოხატული საბაზო ვალუტაში, წარმოადგენს ზარალის შეფასების მაჩვენებელს, რომელსაც განსაზღვრული ალბათობით (ნდობითი ალბათობით) არ გადააჭარბებს საბანკო პორტფელის მოსალოდნელი ზარალი გარკვეული პერიოდის (დროითი ჰორიზონტის) განმავლობაში, საბაზრო კონიუნქტურის არსებული მაკრო და მიკროეკონომიკური ტენდენციების შენარჩუნების პირობებში. ნდობითი ალბათობა, ჩვეულებრივ, რისკმენეჯმენტის მიერ შეირჩევა რისკის მიმართ დამოკიდებულების ხარისხის მიხედვით, რომელიც ასახულია საზედამხედველო ორგანოების მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში ან მიღებულია კორპორაციულ პრაქტიკაში. მაგალითად, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს, გამოყენებულ იქნეს ნდობითი ალბათობის 99%-იანი დონე [Basel, 2001:37]. VaR მაჩვენებელთა ანალიზის დროითი ჰორიზონტი განისაზღვრება დროის ისეთი პერიოდით, რომლის განმავლობაში საბანკო პორტფელი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განიცდის [Henley M., 2000: 45-61].

VaR მაჩვენებელთა შეფასებისას გაითვალისწინება ორი ძირითადი მიდგომა:

პირველი მათგანი ეფუძნება რისკფაქტორების მნიშვნელობათა გამოთვლის ანალიტიკური აპროკსიმაციის ფუნქციას, რაც ანალიზის გამარტივებული მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მიდგომის ჩარჩოში გამოიყენება VaR მაჩვენებელთა შეფასების დელტა ნორმალური მეთოდი; მეორე მიდგომა ემყარება რისკფაქტორების მნიშვნელობათა უშუალო გაანგარიშებას. ამ მიდგომის ჩარჩოში გამოიყენება ისტორიული მოდელირების მეთოდი (Back testing) წინა პერიოდებში რისკფაქტორების მნიშვნელობათა გათვალისწინების საფუძველზე, აგრეთვე, სტოქასტიკური მოდელირების მეთოდები (მონტე-კარლო), რომელშიც რისკფაქტორების მნიშვნელობების მოდელირება შემთხვევითი რიცხვების გადამცემის საშუალებით ხორციელდება.
4. სტრესტესტირება
სტრესტესტირების პროცედურა შეიძლება განისაზღვროს, როგორც საკრედიტო ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობაზე რისკფაქტორებში მიმდინარე მთელი რიგი ცვლილებების პოტენციური ზემოქმედების შეფასება, რომლებიც შეესაბამება განსაკუთებულ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ რეალურ შემთხვევებს და, რომელთა პროგნოზირებაც შეუძლებელია ისე, როგორც, მაგალითად, VaR მეთოდოლოგია ითვალისწინებს. ერთ-ერთ ძირითად ანალიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია საკრედიტო ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური კონიუნქტურის შესაძლო მოულოდნელი ცვლილებებით გამოწვეული პოტენციური დანაკარგების შესაფასებლად, წარმოადგენს საბანკო პორტფელის ფინანსური შედეგების სტრეს

ტესტირება, რომელმაც საერთაშორისო საფინანსო პრაქტიკაში ფართო გავრცელება პოვა.
საბანკო პრაქტიკაში სტრესტესტირების სხვადასხვა მეთოდიკა გამოიყენება. თანამედროვე ეტაპზე ყველაზე გავრცელებულ მეთოდიკას სცენარების ანალიზი წარმოადგენს. ის საშუალებას იძლევა, შეფასდეს საკრედიტო ორგანიზაციაზე რიგი რისკ- ფაქტორების ერთდროული ზემოქმედების პოტენციური შედეგები. ამ მიდგომის დროს რისკფაქტორთა შესაძლო ერთდროული ცვლილებების სცენარები ფორმირდება ან უკვე წარსულში მომხდარი ისტორიული მოვლენების, ან ჰიპოტეზური მოვლენების საფუძველზე, რომლებიც შეიძლება მომავალში წარმოიშვას. მაქსიმალური დანაკარგების შეფასებისას განისაზღვრება რისკფაქტორთა რამდენიმე მნიშვნელობის შესაძლო კომბინაცია, მათი დინამიკის ნეგატიური მიმართულებანი, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მაქსიმალური ზარალი მიაყენონ საკრედიტო ორგანიზაციას.

სცენარების ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს არა მარტო მაქსიმალურად შესაძლო დანაკარგები, არამედ ჩატარდეს საბანკო პორტფელის ფინანსური შედეგების მგრძნობელობის ანალიზი რისკფაქტორთა მნიშვნელობების ცვლილებების მიმართ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ანალიზის შედეგები ძირითადად მოკლევადიანი ხასიათისაა. მგრძნობელობის ანალიზით ფასდება საკრედიტო ორგანიზაციის პორტფელზე იმ მოვლენების ზემოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია ერთ-ერთი კონკრეტული რისკ-ფაქტორის მნიშვნელობის ცვლილებასთან (მაგალითად, ვალუტის კურსის ზრდა/შემცირება; საპროცენტო განაკვეთების ზრდა/შემცირება; საბაზრო ინდექსების ზრდა/შემცირება და ა. შ.).

ამრიგად, საბანკო პორტფელის შესაძლო დანაკარგების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა, სახელდობრ:

რისკფაქტორების ცვლილებების შეფასება და მათი სტატისტიკური ურთიერთკავშირის გამოვლენა-დადგენა. რისკის მოცემული ფაქტორების ცვლილებებისადმი საბანკო პორტფელის ფინანსური მგრძნობელობის ანალიზის განხორციელება;

საბანკო პორტფელის ფინანსური შედეგების VaR მაჩვენებლების შეფასება, როგორც მისი ცალკეული ინსტრუმენტების, ასევე მთელი პორტფელის მიხედვით. VaR მაჩვენებლების შესაფასებლად ანალიზის სამი ძირითადი მეთოდის: დელტა-ნორმალური, ისტორიული მოდელირების და სტოქასტიკური მოდელირების (მონტე-კარლო) გამოყენება;

ბეკტესტირების ჩატარება საბანკო პორტფელის ფინანსური შედეგებისა და მისი შემადგენელი ნაწილების VaR მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე;

საბანკო პორტფელის ფინანსური შედეგებისა და მისი შემადგენელი ნაწილების სტრეს-ტესტირების სხვადასხვა პროცედურების ჩატარება სცენარების ანალიზის ან სხვა მეთოდების გამოყენებით.

დასკვნა

ბოლო პერიოდში საბანკო სისტემამ სწრაფი ცვლილებები განიცადა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რასაც შედეგად მოჰყვა საბანკო ოპერაციებთან დაკავშირებული კომპლექსური რისკების ზრდა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც დროის, ასევე ხარისხის და გავლენის მიხედვით. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რისკების მთლიანობაში განხილვას, ვინაიდან ერთი სახის რისკის ცვლილება, როგორც წესი, გავლენას ახდენს სხვა სახის რისკებზეც. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს კონკრეტული რისკის შეფასებას, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება ხშირად მოითხოვს უფრო ღრმა ანალიზს და დამატებითი რისკ- ფაქტორების განხილვას.

რისკების კვლევის დროს უნდა გაიმიჯნოს ორი მთავარი მიმართულება: 1. რისკის დონის განსაზღვრა და შეფასება; და 2. რისკის სფეროში გადაწყვეტილების მიღება. რისკების შესაფასებლად მიზანშეწონილია VaR ანალიზის კონცეფციაზე დამყარებული მეთოდების(დელტა ნორმალური, ისტორიული მოდელირების და სტოქასტიკური მოდელირების (მონტე კარლო)), აგრეთვე სტრესტესტირების სხვადასხვა პროცედურების გამოყენება.

VaR ანალიზის კონცეფციაზე დამყარებული რისკის შეფასების მეთოდები საშუალებას იძლევა განისაზღვროს საბანკო პორტფელის მაქსიმალურად მოსალოდნელი ზარალი დადგენილი ალბათობით, მომავალში მიმდინარე საბაზრო ტენდენციების შენარჩუნების პირობით.

VaR ანალიზის კონცეფციისაგან განსხვავებით, სტრესტესტირების პროცედურები საშუალებას იძლევა შეფასდეს მოსალოდნელი ზარალის მაქსიმალური ოდენობა ისეთი ალბათური შემთხვევებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებიან მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს და ამიტომ პროგნოზირებასაც ნაკლებად ემორჩილებიან. თანამედროვე ეტაპზე საბანკო პრაქტიკაში სტრესტესტირების ყველაზე გავრცელებული მეთოდიკაა სცენარების ანალიზი.

კრიზისის პირობებში საბანკო რისკფაქტორების დროული გამოვლენა, იდენტიფიკაცია, შეფასება, მონიტორინგი და პროფესიული მართვა იძენს პირველხარისხოვან მნიშვნელობას. რისკების ეფექტურად მართვით ბანკის მენეჯმენტს შეუძლია გააუმჯობესოს აქტივების ღირებულება, მიიღოს ინფორმაცია მომავალში ბანკის შესაძლო ზარალის შესახებ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საფუძველზე გააუმჯობესოს სისტემური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და პროცესები, გამოიყენოს როგორც ბანკის მუშაობის შეფასების უფრო ზუსტი ბაზა, ასევე შექმნას ბანკის კომპლექსური ინსტრუმენტებისა თუ ბიზნესსაქმიანობისათვის ისეთი ოპტიმალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ბანკის კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს.

ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თავისებურებას წარმოადგენს საკრედიტო, საფონდო, სავალუტო და საპროცენტო რისკფაქტორების საკმაოდ ეფექტიანი, ინტუიციურად ჩამოყალიბებული მოდელები, აგრეთვე მათი ერთდროული აღრიცხვის შესაძლებლობა საბანკო პორტფელში მისი სტრუქტურის ნებისმიერი ხარისხის დეტალიზაციის გათვალისწინებით.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Синки Дж.. Финансовый менеджмент в коммерческом банке и в индустрии финансовых услуг. Перевод с английского. INEC-Алпина Бизнес Букс. Москва, 2007, გვ. 22.
2. Basel Committee on Banking Supervision. Principle for the management and supervision of interest rate risk. Consultative document. 2001 January, გვ. 37.
3. Basel Committee on Banking Supervision. Principle for the management of credit risk. Consultative document. 2000 September.
4. Henley M. Integrated risk management. London, LLP, 2000, გვ.45-61.
5. CreditMetrics Tehnical Document. Gupton, Greg M., Cristofer C. Finger and Mickey Bhatia. New York: J. P. Morgan and Co. Incorporated, 1997.